2024 წლის 13-14 სექტემბერს, სააწავლო-კვლევით სამეცნიერო ცენტრში გაიმართა პრაქტიკული სემინარი, რომლის ფარგლებში სულხან ტაბატაძემ წარადგინა სადოქტორო კვლევის ფარგლებში განხორციელებული ექსპერიმენტული კვლევის შედეგები. კვლევის მთავარი ფოკუსი იყო საჯარო ვებსაიტების დიზაინისა და ფუნქციონალის გაუმჯობესება, რაც მიზნად ისახავს მოქალაქეთა ჩართულობის ზრდას და ელექტრონული მმართველობის გამჭვირვალობის გაძლიერებას.
კვლევა ემყარებოდა E-GovQual მოდელს, რომელიც აფასებს საჯარო ელექტრონული სერვისების ხარისხს და მოიცავს ექვს ძირითად კრიტერიუმს: ვებსაიტის გამოყენების სიმარტივეს, სანდოობას, ინფორმაციის შინაარსს, ინტერაქციის ეფექტურობას, მომხმარებელთა მხარდაჭერის ხარისხს და კონფიდენციალურობის დაცვას. ექსპერიმენტის ფარგლებში შეფასდა, თუ როგორ აისახება ვებსაიტების ტექნიკური და დიზაინერული გაუმჯობესება მოქალაქეთა ჩართულობაზე და მათი ნდობის ხარისხზე სახელმწიფო ელექტრონული სერვისების მიმართ.
ექსპერიმენტის ძირითადი მიგნებები:
მოქალაქეთა ჩართულობის ზრდა – ვებსაიტების გაუმჯობესებულმა დიზაინმა და ოპტიმიზაციამ გაზარდა მომხმარებელთა ინტერაქციის მაჩვენებლები და გაამარტივა ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობა.
გამჭვირვალობის გაძლიერება – კვლევამ აჩვენა, რომ ტექნიკური გაუმჯობესებები ზრდის სახელმწიფო ვებსაიტებისადმი ნდობას და ამცირებს ბიუროკრატიულ ბარიერებს.
სერვისების ხარისხის გაუმჯობესება – მოქალაქეთა უკუკავშირი მიუთითებს, რომ უფრო ინტუიციური და გამარტივებული პლატფორმები მნიშვნელოვნად ზრდის სახელმწიფო სერვისების ეფექტურობას.
სემინარს ესწრებოდნენ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტები, ასევე, სამეცნიერო პროფილური ინსტიტუტების მეცნიერ-თანამშრომლები, რომლებიც საჯარო მმართველობისა და ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობენ.
მონაწილეებმა მაღალი შეფასება მისცეს სულხან ტაბატაძის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტული კვლევის მეთოდოლოგიურ სიზუსტეს და მიღებული შედეგების პრაქტიკულ მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ კვლევაში გამოყენებული მიდგომები მნიშვნელოვანი საფუძველია საჯარო ელექტრონული სერვისების შემდგომი განვითარებისთვის. კვლევის დასკვნები ხელს შეუწყობს ელექტრონული მმართველობის გაძლიერებას და ხელსაყრელი გარემოს შექმნას მოქალაქეთა აქტიური ჩართულობისთვის.
სემინარის შედეგები მნიშვნელოვანი იქნება როგორც აკადემიური საზოგადოებისთვის, ისე სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის, რომლებიც მუშაობენ ელექტრონული მმართველობის დახვეწაზე და მოქალაქეებისთვის სერვისების გაუმჯობესებაზე.