2021 წლის 7 ივლისს 15 საათზე სასწავლო კვლევითი სამეცნიერო ცენტრის ორგანიზებით ბეთანიაში გაიმართა სადოქტორო კვლევების მხარდაჭერის პროექტში მონაწილე დოქტორანთა შეხვედრა პროფერორ ვილი ჰაუზერთან (გერმანია საარის უნივერსიტეტი, გამოყენებითი მეცნიერებები).
შეხვედრის მიზანი იყო ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლა დარგთაშორისი და გამოყენებითი მეცნიერების სფეროში მაღალი ხარისხის კვლევების ორგანიზების ახალ შედეგებთან დაკავშირებით.
სასწავლო-კვლევითი სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელმა თამაზ მარსაგიშვილმა ისაუბრა ცენტრის შექმნისა და სახელმწიფო მხარდაჭერის საკითხებზე. ცენტრი შეიქმნა 2018 წელს. ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება დოქტორანტთა ხელშეწყობის პროგრამა, რომლის მიზანია განათლების ხარისხის გაუმჯობესება, განათლების, მეცნიერებისა და წარმოების ურთიერთქმედების გზებისა და პერსპექტივების განსაზღვრა. ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე გაერთიანებულია საქართველოს 7 სახელმწიფო უნივერსიტეტი 11 სამეცნიერო ინსტიტუტის და სსიპ გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის კვლევითი ინფრასტრუქტურები. კვლევითი მიმართულებებია: ქიმია-ბიოლოგია, ფიზიკა-მათემატიკა, ტექნიკა ტექნოლოგიები, ეფექტური მართვის სისტემები. არსებობის მანძილზე ცენტრის პროგრამით ისარგებლა 40-ზე მეტმა დოქტორანტმა (წელს სურვილი გამოთქვა 80-მდე დოქტორანატმა) სხვადასხვა ქალაქებიდან (ბათუმი, თბილისი, ახალციხე, თელავი). ცენტრის დამფუძნებელია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. დამფინანსებელია სახელმწიფო.
პროფ. ვილი ჰაუზერმა ხაზი გაუსვა საქართველო გერმანიას შორის უერთიერთობებს განათლებისა და მეცნიერების სფეროში. მან მიულოცა დოქტორანტ ნინო გიორგაძეს ცენტრის ინიციატივით 2019 წლის ოქტომბერში გერმანიაში „Energis“ სასმელი წყლის ლაბორატორიაში (საარბრიუკენი)დოქტორ ბრიუკთან სტაჟირების წარმატებული შედეგები. გამოთქვა მზაობა, რომ მომავალში სადოქტორო თემების შინაარსიდან გამომდინარე ხელს შეუწყობს ქართველ დოქტორანტთა გერმანიაში მოკლევადიან კვლევით პრაქტიკას.
დოქტორანტებმა წარმოადგინეს დარგთაშორისი კვლევის შედეგები:
- ქეთევან კანდელაკი – ქალაქ თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების ეფექტურობის მათემატიკური სტატისტიკის მეთოდით გათვლის შედეგები
- გიორგი სვიანაძე – SPSS კომპიუტერული პაკეტიის გამოყენებით და „ხი-კვადრატ კრიტერიუმის“ (Chi-Square Tests) მეშვეობით დისტანციური მართლმსაჯულების პროცესში ტრადიციული პრინციპების რეალიზაციის მდგომარეობის კვლევა;
- გიორგი მუმლაძე – ექსპერიმენტული კვლევის შედეგები გაერთიანებული კვლევითი ინფრასტრუქტურის პირობებში.
- ნინო გიორგაძე – წყლის გასუფთავების ბიოლოგიური მეთოდები, წყლის გაწმენდისა და კონტროლის მექანიზმები.
გაიმართა დისკუსია. სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დრექტორმა ვახტანგ კვარაცხელიამ, ამავე ინსტიტუტის მეცნიერ-მკვლევარებმა- ქართლოს ყაჭეიშვილმა და მარინე მენთეშაშვილმა დადებითად შეაფასეს ცენტრთან თანამშრომლობით ჩატარებული კვლევების გამოყენებითი მნიშვნელობა, თემატურ სემინარებსა და საერთაშორისო კონფერენციებში, აგრეთვე ერთობლივ სტატიებში თანამონაწილეობა. სხვადასხვა დარგის და სხვადასახვა თაობის მკვლევართა ერთობლივი საქმიანობის შედეგები სახეზეა, ეს უკვე გამოცდილებაა, რაც მომავალში უფრო ფართომასთაბიანი ამოცანების გადაწყვეტის საშუალებას იძლევა.
არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორმა გრიგორ ტატიშვილმა აღნიშნა, რომ ცენტრის ორგანიზებით შექმნილი კვლევითი სივრცე ერთგვარ სამეცნიერო-კვლევით კლასტერს წარმოადგენს, რაც ახალი იდეებიის და კვლევითი პროექტების განხორციელების კარგი შესაძლებლობაა. მაგალითისთვის დასახელდა 2021 წ. თებერვალსი ბოსტონის (აშშ) სამეცნიერო კონფერენციაზე – „ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევები თანამედროვე მსოფლიოში“- წარდგენილი ერთობლივი მოხსენება „PR-ტექნოლოგია: ოზონატორის წარმოების პოპულარიზაციის შედეგები“. სხვადასხვა დარგის მკვლევართა ასეთი გაერთიანება ხელს უწყობს მეცნიერების პოპულარიზაციისა და კვლევის შედეგების დანერგვის პროცესს.
დოქტორანტება მადლობა გადაუხადეს სტუმარს – ვილი ჰაუზერს და ცენტრის ადმინისტრაციას საინტერესო კვლევითი გარემოს შექმნისთვის, გაცვალეს სურვილები, კითხვა-პასუხის რეჟიმში გამოიკვეთა მომავალი საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებები.