TRSC

ინოვაციები, სახელმწიფო, ბიზნესი, საზოგადოება

ინოვაციები, სახელმწიფო, ბიზნესი, საზოგადოება

2019 წლის 24 აპრილს, საქართველოს ტექნოპარკში, მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი – 2019-ის ფარგლებში დარგთაშორისი კვლევების სემინარი გაიმართა:  ინოვაციები, სახელმწიფო, ბიზნესი, საზოგადოება“.

ღონისძიების ორგანიზატორი და პარტნიორები: სასწავლო-კვლევითი სამეცნიერო ცენტრი; თსუ – რ.აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი;  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტი; სტუ – ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი.

ღონისძიების გახსნითი ნაწილი  სოციალურ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგთაშორისი კვლევების მნიშვნელობას მიეძღვნა. სასწავლო კვლევითი ცენტრის დირექტორმა თამაზ მარსაგიშვილმა ცენტრის მიერ დაწყებულ ტექნოლოგიების შექმნისა და დანერგვის ხელშეწყობის პროექტის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ დღევანდელი სემინარი   სოციალურ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კავშირის პირველი მცდელობაა, რომლის განვითარება მეცნიერთა პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

რ. აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორმა, გროგორ ტატიშვილმა ისაუბრა განათლებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მნიშვნელობაზე. მან აღნიშნა, რომ მისი ინსტიტუტის მაგალითის ჩვენებით, სემინარზე წარმოდგენილი კვლევა ხელს შეუწყობს სამეცნიერო ბრუნვაში ახალი ინფორმაციის შემოტანას და  მეცნიერებატევადი ქიმიური ტექნოლოგიების შექმნის პროცესის სწორად დაგეგმვას.

ნ.მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორმა, ვახტანგ კვარაცხელიამ  გამოთვლითი მათემატიკისა და სოციალური მენიერებების კავშირის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან სემინარზე წარმოდგენილ კვლევით პროექტში დაწყებული თანამშრომლობის  გაგრძელების მზაობა დაადასტურა. 

გახსნითი ნაწილი შეაჯამა სტუ ბიზნესტექნოლოგიების დეკანმა, რუსუდან ქუთათელაძემ. მან ხაზი გაუსვა უახლეს სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და გამოყენებითი კვლევების  ხელშეწყობის  საფაკულტეტო მისიას და დოქტორანტებს, სხვადასხვა დარგის სამეცნიერო  ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, კვლევების განხორციელებაში წარმატებები უსურვა.

სემინარის მონაწილეებმა მოისმინეს საჯარო მმართველობის პროგრამის დოქტორანტის,  ლევან სისვაძის მოხსენება – სპეციალური ეკონომიკური ზონები და კონფლიქტის ზონის რაიონების ეკონომიკური პოტენციალი; მოხსენება შეაფასა  თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ჭარაიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ დოქტორანტის მიგნებები  ქართულ-აფხაზური – ტრანს-ინგურული ეკონომიკური ჰაბის განვითარების შესაძლებლობის მაჩვენებელია.  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ  – ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით კონფლიქტის მართვის წარმოდგენილ კვლევაში, ქართულ აფხაზურ ურთიერთობებში ნდობის აღდგენის საკუთარი ვარაუდის დასაბუთება დაინახა.

სემინარის შემდეგი პანელი სტუ საჯარო მმართველობის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტის, ქეთევან ცაცანაშვილის მოხსენებას დაეთმო. დოქტორანტმა ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნისა და დანერგვის პროცესში საჯარო-კერძო პარტნიორობის ეფექტურობის დასაბუთება წარმოადგინა. კვლევის შედეგები შეაფასა საქართველოს პარლამენტის წევრმა, პენინსულას უნივერსიტეტის (აშშ, კალიფონია) სამართლის დოქტორმა გიორგი ხატიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ინოვაციურ საქმიანობაში  საჯარო-კერძო პარტნიორობა რისკების გათვლის სწორედ ამგვარ, გაფართოებულ,  დარგთაშორის კვლევებს უნდა დაეფუძნოს.

 სასწავლო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა თამაზ მარაგიშვილმა ისაუბრა დოქტორანტის მიერ კვლევის შედეგების კომერციალიზაციისათვის მზაობისა და მეცნიერებატევადი პროდუქციის  შესახებ საქართველოს სამეცნიერო ინსტიტუტების შესაძლებლობათა  გამოვლენის მნიშვნელობაზე.

სემინარის დასკვნით ნაწილში გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილება მიიღეს: სტუ-ს პროფესორებმა: ანზორ აბრალავამ, შოთა დოღონაძემ, გენადი იაშვილმა, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებმა, დოქტორანტებმა და სტუდენტებმა: ჯული მეტრეველმა, თამარ მახარაძემ, ნინო გიორგაძემ, გიორგი მამულაშვილმა და სხვებმა.

ღონისძიება შეაჯამა სემინარის მოდერატორმა მარიამ ცაცანშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა პარტნიორ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუების ხელმძღვანელებს და მოწვეულ სტუმრებს დარგთაშორისი კვლევების განხორციელებაში თანამშრომლობისა და შედეგების განხილვაში მონაწილეობისთვის.