TRSC

გიორგი მუმლაძის სადოქტორო კვლევითი პროექტის ანგარიში

გიორგი მუმლაძის სადოქტორო კვლევითი პროექტის ანგარიში

2020 წლის 12 ივნისს,  სასწავლო-კვლევით სამეცნიერო ცენტრში, სადოქტორო კვლევების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, გაიმართა სტუ საინჟინრო ფიზიკის სადოქტორო პროგრამის  დოქტორანტის გიორგი მუმლაძის კვლევითი პროექტის ანგარიშის მოსმენა. ექსპერიმენტული კვლევების განხორციელებაში დოქტორანტს ხელმწძღვანელობდა სტუ ვლ. ჭავჭანიძის კიბერნეტიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, ფმმკ ნიკოლოზ მარგიანი.

 სემინარს ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის და თსუ რ. აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის თანამშრომლები, სასწავლო- კვლევითი სამეცნიერო ცენტრის პროგრამაში მონაწილე დოქტორანტები.

 კვლევითი თემა: ბისმუტის ფუძიანი მაღალტემპერატურული ზეგამტარების თვისებებზე ბორის შემცველი დოპანტების ზეგავლენის კვლევა.

გიორგი მუმლაძემ წარმოადგინა კვლევის პროცესში მიღებული დასკვნები:

1)         დადგენილია სინთეზის ოპტიმალური პირობები და განხორციელებულია ნომინალურად სუფთა და B, B2O3, BN, Pb(BO2)2, B4C, Sr(BO2)2 დოპირებული ბისმუტიანი ზეგამტარის ფაზწარმოქმნის კინეტიკის, ზეგამტარი პარამეტრებისა და მიკროსტრუქტურის კვლევა. გამოვიყენეთ პრეკურსორი კაზმის ხელით გადაფქვისა და პლანეტარულ წისქვილში მაღალენერგეტიკული დამუშავების მეთოდები; ბორით დოპირების შედეგად მიღწეულია სინთეზის ეკონომიური დრო — 60–80 ჯამური საათი ნაცვლად სტანდარტული ასეულობით საათისა;

2)         ბორის შემცველი დოპანტების გამოყენებით შესაძლებელი გახდა გაცილებით მეტი რაოდენობის მაღალტექნოლოგიური ზეგამტარი მასალის სინთეზი სტანდარტულ ტექნოლოგიასთან შედარებით;

3) დოპირების შედეგად მიღებულია ნიმუშები მტზ ფაზის გაზრდილი მაღალი შემცველობით (90 %–მდე). დადგენილ იქნა დოპანტების ოპტიმალური კონცენტრაცია;

4) დოპირების შედეგად მიღწეულია კრიტიკული დენის სიმკვრივის 1.5–3–ჯერ ზრდა პრეკურსორის ხელით გადაფქვისას, ხოლო — მაღალენერგეტიკული გადაფქვისას – 3–4.5–ჯერ ;

5) SEM, TEM/STEM ანალიზის მეშვეობით დადგენილია Bi(Pb)-2223 სისტემის ნიმუშების ზედაპირის მორფოლოგიის კორელაცია ნიმუშების დენგამტარობის უნართან, ფაზური და ელემენტური განაწილება. ელემენტური რუკის დონეზე ვიზუალურადაა ამოცნობილი მტზ, დტ და რეაქციაში შეუსვლელი არეები;

6) შემუშავებული ტექნოლოგიით შეგვიძლია სასურველი რაოდენობის გაუმჯობესებული ელექტროფიზიკური პარამეტრებისა და ფაზური სისუფთავის მქონე მასალის დამზადება ზეგამტარ სადენებში, ლენტებსა და ხელსაწყოებში პრაქტიკული გამოყენებისთვის.

დოქტორანტის ხელმწძღვანელმა, ნიკოლოზ მარგიანმა ისაუბრა დოქტორანტთან ერთად განხორციელებულ კვლევის პროცესზე. მან მადლობა გადაუხადა სასწავლო-კვლევით სამეცნიერო ცენტრს მეთოდური დახმარებისა და კვლევითი საქმიანობისთვის აუცილებელი მასალების შეძენისათვის.

სასწავლო კვლევითი სამეცნიერო ცენტრის დირექტორმა თამაზ მარსაგიშვილმა შეაჯამა სემინარის მუშაობა და წარმატებები უსურვა დოქტორანტს სამეცნიერო საქმიანობაში.